თეგი: ევროპული პერსპექტივა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციები მიიღო. ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე (ეს ცვლილება ტექსტში, როგორც თავად იუწყება, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა), კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმისა და დემოკრატიის პრინციპების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობით. My amendment to #CFSP🇪🇺 report on Georgia's and Ukraine's European perspective has been adopted today.Happy #UnityDay, Ukraine🇺🇦!#Sakartvelo🇬🇪! pic.twitter.com/wrycNh5iSn — Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) February 16, 2022     ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან და სამეზობლოში, მათ შორის კავკასიაში, ვითარების არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად, კონტინენტის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხეს წარმოადგენს და სამეზობლოში აქტიური ჩართულობა ევროკავშირის ინტერესებშია. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ცნობს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის წვლილს CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში და მხარს უჭერს ამ ფასეულ პარტნიორებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას; კერძოდ, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას CSDP-ის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) საქმიანობას დადებითად აფასებს. ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ და მისი მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების განზომილების „სტრატეგიულ კომპასში“ სათანადოდ ასახვა და განიხილოს უსაფრთხოების, სამხედრო, დაზვერვისა და კიბერ თანამშრომლობის სფეროში გაზრდილი ინვესტიციებისა და დახმარების გამოყოფა ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის, მათი მედეგობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კონფლიქტების დარეგულირების კუთხით ევროკავშირის გაზრდილ აქტიურობას, ასევე დაინტერესებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ჩართვას „ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სრულყოფის ცენტრის“ საქმიანობაში. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის ნებისადმი, რაც საკუთარი მომავლისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად გადაწყვეტას გულისხმობს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინასთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულად განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, 2021 წლის ივნისში წარდგენილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, კოვიდპანდემიისგან სოციალური და ეკონომიკური აღდგენა, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და სავაჭრო გზების დამყარება უზრუნველყონ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საფრთხეების ფონზე აუცილებელია რეგიონში ევროკავშირისა და NATO-ს ფიზიკური ყოფნა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირების კონტექსტში. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის - ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაახლოებაზე და მხარს უჭერს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში (CSDP) მათი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის „მუდმივ სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში“ (PESCO) მონაწილეობის გზით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და შეახსენებს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც „ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელ ძალას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ევროპარლამენტი გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და მუდმივ „ბორდერიზაციას“. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით, მათ შორის სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ერთი ხმით საუბრისკენ; რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილება შეუძლებელია, სანამ ის აგრესიულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირისა და მისი მეზობლების მიმართ. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია მომზადებულია ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის, ხოლო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს მიერ.

პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა. „ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრეზიდენტი: მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე

„ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები, ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ფანჯარა, როცა ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს.

კელი დეგნანი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, ამ გზავნილით ვაშინგტონიდან მიმართა საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მოქალაქეებს. „მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა, პრორუსულმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი, პრეზიდენტის აზრით, აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. „5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი, აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს. ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება. ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართევლოს ევროპულ პერსპექტივას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში.

ევროკავშირი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესახებ დასკვნები და პრიორიტეტები გამოაქვეყნა. დასკვნების თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი მცდელობები, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ძალის გამოყენებით, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ევროპულ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური წესრიგის დემოკრატიულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ უნდა გააძლიერონ ურთიერთობები როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებასაც ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს განახლებულ იმპულსს სძენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია ტექსტში.  

რუმინეთი: ევროკავშირის გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“. უწყების ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ითვალისწინებს რა 2022 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისათვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში.  ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ევროპული ღირებულებების შესაბამისად. „რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სულისკვეთება ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო პროევროპულ ორიენტაციას და ასევე მოლოდინს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის. რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის. რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი  ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად,“ - აცხადებს საგარეო უწყება. შეგახსენებთ, რუმინეთის პარლამენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეზოლუციის მიღებით დაუჭირა მხარი